ლუდომანია - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება
მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და ლეგალური არსებობის უფლება მოიპოვა, მომრავლდა კაზინოები და სლოტკლუბები და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა. დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი ნომერი - F 63.0 მიენიჭა. დიდი ფულის მოგების სურვილი აზარტული თამაშებისკენ ბევრს უბიძგებს, აქედან კი დამოკიდებულებამდე ერთი ნაბიჯია. გასული საუკუნის 70-იან წლებში, სათამაშო აპარატების გაჩენის შემდეგ, ინგლისში უამრავი კინოთეატრი დაიხურა - ხალხს კინოში სიარულს აპარატებთან დგომა ერჩივნა. სადღეისოდ მთელ მსოფლიოში უკვე 5%-ს უტოლდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ცხოვრებაც კაზინოსა და სათამაშო ავტომატებზეა დამოკიდებული. ლუდომანია სოციალური პრობლემაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.
აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, მართალია, მამაკაცებში უფრო ხშირია, მაგრამ ქალებში გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. სუსტი სქესი ამ ქსელში სამჯერ უფრო სწრაფად ებმება და ფსიქოთერაპიასაც გაცილებით ძნელად ემორჩილება. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ლუდომანები ზრდასრულ ასაკში ხდებიან და მათ 1-4%-ში დამოკიდებულება ისეთ ფორმას იღებს, ხშირად ფსიქიატრის ჩარევაც კი ხდება საჭირო. ქალებში ლუდომანიას თითქმის ყოველთვის ახლავს თან დეპრესიული აშლილობა, მამაკაცებში კი ალკოჰოლიზმი, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ასეთი ადამიანები სხვებზე ხშირად და ადვილად ანგრევენ ოჯახებს, არღვევენ სამსახურში ქცევის წესებს და სამუშაო ადგილსაც ხშირად იცვლიან.
No comments:
Post a Comment